
2025-06-28
სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი ციფრულ განვითარებას მდგრადი ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად მიიჩნევს. მან ამის შესახებ მინსკში გამართულ ევრაზიის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომელშიც ონლაინ მიიღო მონაწილეობა.
"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სწორედ გაციფრულება ხსნის ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკაში, საჯარო ადმინისტრირების სისტემასა და სოციალურ სფეროში.
სომხეთმა უკვე დანერგა უწყებათაშორისი თანამშრომლობის არქიტექტურა, რომლის წყალობითაც სახელმწიფო ორგანოები არ ახდენენ ინფორმაციის დუბლირებას, არამედ დაცული საკომუნიკაციო არხების საშუალებით იღებენ წვდომას ორიგინალურ წყაროებზე. ამან შესაძლებელი გახადა ინტეგრირებული ციფრული სერვისების შექმნა, რომლებიც მომსახურების მიწოდების ყველა ეტაპს ერთიან, გამჭვირვალე და მომხმარებლისთვის მოსახერხებელ პროცესში აერთიანებს.
ასეთი მიდგომა ერთიანი ციფრული გარემოს ჩამოყალიბების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
დღეს, სომხეთი არის ქვეყანა, რომელიც კომპლექსურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და მომსახურებას სთავაზობს.
სომხეთში მიმდინარეობს სისტემატური მუშაობა გაციფრულების მიმართულებით, იხვეწება ელექტრონული მმართველობის სისტემები, უმჯობესდება მოქალაქეთა ციფრული წიგნიერება და მუშავდება თანამედროვე კიბერუსაფრთხოების მექანიზმები.
NVIDIA-ს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება სომხეთში კვლევითი ცენტრის გახსნის შესახებ ადასტურებს, რომ ამბიციებისა და ტექნიკური სიმწიფის მქონე პატარა ქვეყნებსაც კი შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში", - განაცხადა ფაშინიანმა.
ინფო: bm.ge