
2026-04-15
თვითგამოცხადებული აფხაზეთის რკინიგზის და ოჩამჩირის ნავსადგურის კონკურენტ სატრანსპორტო დერეფნად წარმოჩენა მხოლოდ რუსეთის ტვირთების გადაზიდვების პირობებშია შესაძლებელი. ამის შესახებ ანალიტიკურ მასალას სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი აქვეყნებს.
როგორც ცნობილია, სოციალურ ქსელში ოჩამჩირეში არსებული საკონტეინერო ტერმინალის ხელმძღვანელის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომლის სათაურია - „აფხაზეთის გავლით სატრანზიტო მარშრუტმა შესაძლოა კონკურენცია გაუწიოს ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფანს“.
„ჩვენ გარკვეულწილად ბაქო-თბილისი-ყარსის ალტერნატივას წარმოვადგენთ და ამ მარშრუტს ვუწევთ კონკურენციას. მიმდინარე წელს ოჩამჩირის საკონტეინერო ტერმინალი საპროექტო სიმძლავრეზე გავა და სრული დატვირთვით ამოქმედდება, ბუნებრივია, ასეთ პირობებში ტვირთნაკადების ნაწილი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზიდან აფხაზეთის მარშრუტზე გადმოერთვება“, - ამბობს ინტერვიუში ოჩამჩირის საკონტეინერო ტერმინალის ხელმძღვანელი.
ამასთან, მიმდინარე წლის 4 აპრილს თვითგამოცხადებული აფხაზეთის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის „აფხაზეთი - მომავლის ინვესტიციები“ მრგვალი მაგიდის დისკუსიის ფარგლებში, ითქვა, რომ “ოჩამჩირის ნავსადგურში საკონტეინერო ტერმინალის ინფრასტრუქტურის მზადყოფნა ასევე სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა და რუსეთის პროდუქციის ოჩამჩირის ნავსადგურიდან მესამე ქვეყნებში ექსპორტი - აფხაზეთს კავკასიაში მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად გადაქცევის შესაძლებლობას აძლევს”.
როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი წერს, როდესაც თვითგამოცხადებული აფხაზეთი აქცენტს ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის კონკურენციაზე აკეთებს, პირველ რიგში, რუსეთის ცენტრალური რეგიონებიდან ტვირთების რკინიგზით ოჩამჩირემდე და შემდგომ ოჩამჩირის საკონტეინერო ტერმინალის გამოყენებით თურქეთის დასავლეთ ნაწილში მიწოდება იგულისხმება.
კითხვაზე - ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალთან მიმართებით რა კონკურენტული უპირატესობა შეიძლება გააჩნდეს თვითგამოცხადებული აფხაზეთის რკინიგზით და ოჩამჩირის ნავსადგურის გავლით სატრანსპორტო დერეფანს, თურქეთის დასავლეთ ნაწილში ტვირთების ტრანსპორტირებას? სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი განმარტავს:
„ისეთ პირობებში, როდესაც ტვირთი რუსეთის წარმოშობის იქნება, მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე დაუბრკოლებლად შესაძლებელია თვითგამოცხადებული აფხაზეთის დერეფანი იქნეს შერჩეული, ანუ გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით იქნება მიღებული და არა რაიმე ლოგისტიკური ან ეკონომიკური გაანგარიშებით.
რთულად წარმოსადგენია, ახლადაშენებულ, თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალს რაიმე კონკურენცია გაუწიოს თვითგამოცხადებული აფხაზეთის რკინიგზამ.
ბოლო პერიოდში ოჩამჩირის სარკინიგზო უბანზე მიმდინარე სალიანდაგო სამუშაოების ფოტოები ნათლად მიუთითებს, რომ კაპიტალური შეკეთების ნაცვლად, რომელიც ბოლოს 1970 წელს ჩატარდა, დღეს მხოლოდ მარტივი ტიპის სალიანდაგო სამუშაოებით ხდება ლიანდაგის აღდგენა.
ასეთ პირობებში მატარებლის მოძრაობის სიჩქარე 25-30 კმ/სთ-ით არის შეზღუდული. გამომდინარე აქედან, რთულად წარმოსადგენია სატრანსპორტო დერეფნისთვის აუცილებელი უსაფრთხოების პირობების დაცვა.
გარდა ამისა, თუ დერეფნის ფუნქციონირება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ ემყარება, რუსეთის გარდა ნებისმიერი გარეშე ტვირთმფლობელისა და გადამზიდავი კომპანიისთვის მიუღებელია იმ სარკინიგზო მონაკვეთზე ტვირთის გაგზავნა, სადაც ვაგონის ან ტვირთის დაზიანების შემთხვევაში იურიდიულად არაღიარებულ სივრცეში გადაზიდვაზე პასუხისმგებელი ორგანო დოკუმენტურად არ იქნება დაფიქსირებული.
ცნობისთვის, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რკინიგზა არც ერთ სარკინიგზო ორგანიზაციის საბჭოში არ ფიგურირებს.
ბუნებრივია, რუსეთის ტვირთმფლობელების გარდა, სხვა ქვეყნის კომპანიების მიერ თვითგამოცხადებული აფხაზეთის რკინიგზის სატრანზიტო დერეფნად გამოყენება - ლოგისტიკური, ინფრასტრუქტურული და იურიდიული შეზღუდვების გამო შეუძლებელია.
თვითგამოცხადებული აფხაზეთის რკინიგზისა და ოჩამჩირის ნავსადგურის ერთიან ფუნქციონირებად სატრანსპორტო დერეფნად წარმოჩენა და მისი ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის ალტერნატივად დასახელება უდავოდ გადაჭარბებას წარმოადგენს.
თვითგამოცხადებული აფხაზეთის რკინიგზისა და ოჩამჩირის ნავსადგურის ერთობლივი დერეფნის ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალთან მიმართებით კონკურენტული უპირატესობა მხოლოდ რუსეთის კუთვნილი ტვირთების პოლიტიკური გადაწყვეტილების გატარების საფუძველზე იკვეთება“,- ვკითხულობთ TCRC-ს მასალაში.