
2026-07-31
გეოპოლიტიკური დაძაბულობის პარალელურად, რომელიც, პირველ რიგში საზღვაო - სავაჭრო მარშრუტების სტაბილურობაზე აისახა, თვალშისაცემია ჩინეთის ქმედება - დივერსიფიკაცია გაუკეთოს საკუთარ საექსპორტო არხებს და აქცენტი საზღვაო მარშრუტებიდან სახმელეთო დერეფნებზე გადაიტანოს.
2026 წლის მონაცემებით, ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით საკონტეინერო ბლოკმატარებლებით მომსახურე ჩინეთის ქალაქების საერთო რაოდენობა 129-ს შეადგენს, რომლებიც ჩინეთს ევროპის 26 ქვეყნის 235 ქალაქთან და აზიის 11 ქვეყნის 100-ზე მეტ ქალაქთან აკავშირებენ და პრაქტიკულად მთელ ევრაზიას ფარავენ.
2025 წლის მონაცემებით, ჩინეთი ცენტრალური აზიის სახელმწიფოების უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად იქცა. კერძოდ, სავაჭრო ბრუნვამ ხუთივე ცენტრალური აზიის სახელმწიფოსთან ჯამურად 100 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
2025 წელს ჩინეთი - ევროპა - ჩინეთის მიმართულებით სახმელეთო დერეფნებით 20,000-ზე მეტი სატვირთო ბლოკმატარებლის მოძრაობა დაფიქსირდა, რაც ბოლო 10-წლიან ჭრილში 25-ჯერ გაზრდილ მაჩვენებელს წარმოადგენს.
2025 წელს ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის ყველა მიმართულებით სარკინიგზო საკონტეინერო გადაზიდვების მთლიანმა მოცულობამ 2 მლნ TEU-ს გადააჭარბა.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და 11,178 ბლოკმატარებელი შეადგინა.
2025 წელს ჩინეთიდან შუა დერეფნის გავლით გატარებული 433 ბლოკმატარებლიდან 400 ერთეული გაიგზავნა ჩინეთიდან დასავლეთის მიმართულებით, მხოლოდ 33 - დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით. ასეთი თანაფარდობა შუა დერეფნით “რევერსული” ტვირთების ნაკლებობაზე მიუთითებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩინეთი - ევროპა - ჩინეთის სარკინიგზო საერთო გადაზიდვებში, გაიზარდა ცენტრალური აზიის გავლით გატარებული ბლოკმატარებლების წილი. თუ 2023 წელს იგი 1.5%-ს შეადგენდა, 2024 წელს გაიზარდა - 1.8%-მდე, ხოლო 2025 წელს 2.2%-ს მიაღწია.
საერთო გადაზიდვებში შუა დერეფნით საკონტეინერო ბლოკმატარებლების პროცენტული თანაფარდობის ზრდის დინამიკა დერეფნის განვითარების ეფექტიანობაზე მიუთითებს, მაგრამ 2.2%-იანი თანაფარდობა, ამბიციური შუა დერეფნის პოტენციალიდან გამომდინარე, მაღალ მაჩვენებელს არ წარმოადგენს.
შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებმა 2026 წლისთვის დაამტკიცეს გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ჩინეთიდან 600 ერთეული საკონტეინერო ბლოკმატარებლის გატარებას წლის განმავლობაში.
2026 წლის სამ თვეში ყაზახეთის გავლით, ჩინეთიდან 125 ბლოკმატარებელი იქნა გატარებული. ეს მაჩვენებელი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით მეტია, რაც იმის წინაპირობას იძლევა, რომ 2026 წელს შუა დერეფნით ჩინეთიდან საკონტეინერო ნაკადი გაიზრდება და საერთო მოცულობაში 2.5%-ს მიაღწევს.
ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის საერთო მოცულობაში, შუა დერეფნით გატარებული ბლოკმატარებლების წილის 2030 წლისთვის 5%-მდე გაზრდა (1200–1500 ერთეული ბლოკმატარებელი წელიწადში) დერეფნის მონაწილე სახელმწიფოების ერთობლივ სტრატეგიულ ორიენტირს უნდა წარმოადგენდეს.
წყარო: transcor.ge