News

GDP და GNI საქართველოში ერთ სულზე გაანგარიშებით

2026-07-28

მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი, GDP) და ეეშ (ერთობლივი ეროვნული შემოსავალი, GNI) ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, თუ რას ზომავენ.

მშპ (GDP) – აჩვენებს ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში წარმოებული ყველა საბოლოო საქონლისა და მომსახურების ღირებულებას, მიუხედავად იმისა, ვინ აწარმოებს მას (ადგილობრივი თუ უცხოური კომპანიები).

ეეშ (GNI) – აჩვენებს ქვეყნის რეზიდენტების მიერ მიღებულ მთლიან შემოსავალს. იგი მოიცავს როგორც ქვეყნის შიგნით მიღებულ შემოსავლებს, ასევე საზღვარგარეთიდან მიღებულ წმინდა პირველადი შემოსავლებს (მაგ., ხელფასები, დივიდენდები, პროცენტები), ხოლო აკლებს უცხოელებისთვის გადახდილ ან ქვეყნიდან გატანილ ასეთ შემოსავლებს.

მოკლედ:

● მშპ პასუხობს კითხვას – რამდენი შეიქმნა ქვეყანაში?

● ეეშ პასუხობს კითხვას – რამდენი შემოსავალი მიიღეს ქვეყნის რეზიდენტებმა?

მაგალითად, თუ საქართველოში მოქმედი უცხოური კომპანიის მოგება საზღვარგარეთ გადაირიცხა, ეს თანხა მშპ-ში რჩება, მაგრამ ეეშ-დან გამოიქვითება. პირიქით, თუ საქართველოს მოქალაქემ საზღვარგარეთ მიიღო შემოსავალი, იგი ეეშ-ში დაემატება, თუმცა მშპ-ში არ შევა.

თანდართულ ცხრილში წარმოდგენილია წლების მიხედვით საქართველოში მშპ და ეეშ მონაცემები, სადაც ჩანს, რომ ერთ სულზე გაანგარიშებით მოქალაქის ეროვნული შემოსავალი ჩამორჩება, იგივე ერთ სულზე გაანგარიშებით წლის მანძილზე შექმნილი დოვლათის ღირებულებას. ანუ, რამდენი დოვლათიც (მშპ) იქმნება ქვეყანაში, იმდენ შემოსავალს არ ღებულობენ საქართველოს მოქალაქეები.

შედარებისთვის ერთ სულზე 2024 წლის მონაცემები აშშ დოლარში - მშპ/ეეშ:

● დანია - 71,970 / 72,930
● ნორვეგია - 89,690 / 102,440
● ფინეთი - 54,990 / 55,530
● საქართველო - 9,242 / 8,110

დანიაში, ნორვეგიასა და ფინეთში ეეშ მონაცემი აღემეტება მშპ მონაცემს, ხოლო საქართველოში პირიქით, მშპ-ს მონაცემი აღემატება ეროვნულ შემოსავალს, ერთ სულზე დათვლით.

როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე და ლოგისტიკურ შესაძლებლობებზე, ცალსახად უნდა გვესმოდეს მთავარი: აბრეშუმის გზა საქართველოსთვის ნიშნავს, რომ კომპანიების მოგებიდან დივიდენდებით საქართველოს მოქალაქეებიც უნდა დაჯილდოვდნენ. რაც ნიშნავს ერთობლივი ეროვნული შემოსავლის უფრო მეტ ზრდას, მშპ-ს ზრდის კვალდაკვალ. ამ პირობის შესრულების უმთავრესი გარანტი არის ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის დანერგვა.

განმარტება: ეკონომიკაში რეზიდენტის ცნება მოქალაქეობას არ ემყარება, არამედ მუდმივ საცხოვრებელსა და ეკონომიკური საქმიანობის ადგილს. ამიტომ GNI-ში ითვლება ქვეყნის რეზიდენტების მიერ მიღებული შემოსავლები, მიუხედავად იმისა, მიიღეს ისინი ქვეყნის შიგნით თუ საზღვარგარეთ.

ზურაბ მაღრაძე, DBA

წყარო:

● data.worldbank.org 

● wdi.worldbank.org