
2026-07-30
■ 1 ივლისს თბილისში საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმი მოეწყო. ფორუმზე უზბეკეთიდან 60-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. ორგანიზატორების განცხადებით, ფორუმი ორი ქვეყნის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შორის პირდაპირი დიალოგის პლატფორმა გახდება. [businessinsider.ge]
■ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-ი მიიჩნევს, რომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა შუა დერეფანში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი იქნება. სააგენტოს შეფასებით, მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ფოთის პორტის გაფართოება და სრული დატვირთვით ამოქმედებული ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის როლს. Moody's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba2 დონეზე უცვლელად დატოვა, ხოლო მისი პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. [commersant.ge]
■ გლობალურ საზღვაო გადაზიდვებში ფასების ზრდის ტენდენცია გრძელდება. ძლიერი მოთხოვნის ფონზე, გადამზიდავებმა აზია-ევროპის ხაზზეც გაზარდეს ტარიფი. შანხაიდან გენუამდე ტრანსპორტირება 10%-ით გაძვირდა ($6,360), ხოლო შანხაიდან როტერდამამდე — 7%-ით ($4,682). [bm.ge]
■ სომხეთი დამოუკიდებლად იწყებს თურქეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებამდე რკინიგზის აღდგენას.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ გიუმრი-ახურიკისა და იერასხის რკინიგზის მონაკვეთების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. [jam-news.net]
■ თურქეთის მასშტაბით 4,164 კილომეტრის სიგრძის სარკინიგზო ხაზების მშენებლობა მიმდინარეობს. დაგეგმილია, რომ სარკინიგზო ქსელის სიგრძე 2028 წლისთვის 17,287 კილომეტრს, ხოლო 2053 წლისთვის — 28,590 კილომეტრს მიაღწევს. [facebook.com]
■ საქართველომ თურქეთთან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ციფრული სანებართვო სისტემა წარმატებით აამოქმედა. შედეგად, საქართველოსა და თურქეთს შორის გადამზიდველებს შესაძლებლობა ექნებათ, სანებართვო დოკუმენტებით სრულად ციფრულ ფორმატში ისარგებლონ. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად გაამარტივებს ადმინისტრაციულ პროცედურებს, შეამცირებს ქაღალდზე დოკუმენტების დამუშავების საჭიროებას, დააჩქარებს სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და კონტროლის პროცესს და გაზრდის საერთაშორისო გადაზიდვების ეფექტიანობას. [bp.ge]
■ ახალი პორტატული ამწის დამატებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გამტარუნარიანობა 650 000 TEU-მდე გაიზრდება. ბოლო 1.5 წლის განმავლობაში, გაზრდილი ტვირთბრუნვის საპასუხოდ, APM-მა ფოთის პორტის და შესაბამისად, „შუა დერეფნის“ გამტარუნარიანობა 100 000 TEU-თი გაზარდა. [bm.ge]
■ უზბეკეთი და აზერბაიჯანი კასპიის ზღვაში ერთობლივი ფლოტის შექმნას გეგმავენ. საუბარია სს „უზტემირიულკარგო“ და აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო გადაზიდვების კომპანია (ASCO) შორის მოსალოდნელ შეთანხმებაზე. განიხილება უზბეკი ექსპორტიორებისთვის დამატებითი დახმარების ზომები, მათ შორის ტვირთის გადაზიდვაზე ფასდაკლებები, ყოვლისმომცველი სატარიფო გადაწყვეტილებების დანერგვა, ლოგისტიკური პროცედურების ოპტიმიზაცია და კონტეინერიზებული და საექსპორტო ტვირთებისთვის პრიორიტეტული მომსახურების უზრუნველყოფა. [europetime.eu]
■ ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა 8%-ით გაეზარდა. „ყაზტრანსოილის“ ცნობით, 6 თვეში ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა 4 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა, 324 000 ტონით მეტი 2025 წლის 6 თვის მაჩვენებლებთან შედარებით. ანგარიშიდან ირკვევა, რომ მათ შორის, 725,000 ტონა ნავთობი, ნავთობპროდუქტები და გაზი „ბათუმის ნავთობტერმინალიდან“ გადაიზიდა [bm.ge]
■ რუმინეთის ელექტროგადამცემი სისტემის ეროვნულმა ოპერატორმა Transelectrica განაცხადა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც რუმინეთსა და საქართველოს დააკავშირებს, ტექნიკური მომზადების ეტაპზე გადადის. [gbc.ge]
■ თურქმენეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს რამდენიმე დოკუმენტს, რომლებიც ტრანსპორტისა და საზღვაო სექტორში თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს. შეთანხმებები ასევე მოიცავს სარკინიგზო დაკავშირებადობის გაძლიერებასა და ტრანსპორტის უსაფრთხოების გაუმჯობესებას. [europetime.eu]
■ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სფეროში ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის პროცედურა დაინერგა - ამის შესახებ ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. მათი განმარტებით, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ქართველი გადამზიდველები, თურქეთის მსგავსად, სანებართვო დოკუმენტების ელექტრონული ფორმატით აზერბაიჯანშიც ისარგებლებენ. [bm.ge]
■ ყაზახეთი და საქართველო 2026 წლის 22 ივლისიდან საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებისთვის ნებართვების ელექტრონულ გაცვლას საპილოტე რეჟიმში იწყებენ. შესაბამისი შეთანხმება ასტანაში, ყაზახეთ-საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის საკითხებზე ერთობლივი კომისიის შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა. ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ნებართვებს საპილოტე რეჟიმში e-Permit-ის ციფრული სისტემის მეშვეობით გასცემენ და გაცვლიან. [europetime.eu]
■ კასპიის ზღვაზე მდებარე აქტაუს პორტში ახალი საკონტეინერო ტერმინალი ამოქმედდა. ახალი ტერმინალის ამოქმედება ყაზახეთის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაფართოების ნაწილია და მიზნად ისახავს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფნის) გამტარუნარიანობის გაზრდას. პირველი ეტაპის დასრულების შედეგად, პორტის წლიური გამტარუნარიანობა 140 000 TEU-მდე გაიზარდა, ხოლო საკონტეინერო მატარებლების მომსახურების დრო შემცირდა. [europetime.eu]
■ 2025 წელს საქართველოს ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის ბრუნვა 9%-ით გაიზარდა და ₾11.4 მილიარდი შეადგინა. Galt & Taggart-ის მონაცემებით, საქართველოში 1.77 მლნ კვ.მ.-ის სასაწყობე ფართია, აქედან თბილისში 1.26 მლნ კვ.მ., ბათუმში - 0.34 მლნ კვ.მ.; ფოთში - 0.17 მლნ კვ.მ. მნიშნელოვანია, რომ ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ქირა, რაც კვ.მ.-ზე 6.3 დოლარს შეადგენს, თბილისშია. ბათუმში ქირის ფასი 5.4 დოლარია. [bm.ge]
■ 2026 წლის პირველ ნახევარში "საქართველოს რკინიგზის" მიერ ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 10 პროცენტით გაიზარდა და 6.9 მლნ ტონა შეადგინა, რაც ბოლო ათწლეულში წლის პირველი ნახევრის ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. [bp.ge]
■ ყაზახეთის აბაის რეგიონში ოფიციალურად დაიწყო „ბაქტის“ (Baqty) მულტიმოდალური მშრალი პორტისა და ლოგისტიკური პარკის მშენებლობა, რაც მოიცავს კონტეინერებისა და მარცვლეულის ტერმინალებს, საწყობებს, საბაჟო ინფრასტრუქტურასა და მომსახურების ობიექტებს, მათ შორის მუშაკთა საცხოვრებლებს „ბაქტის“ მშრალი პორტი გახდება ყაზახეთსა და ჩინეთს შორის მესამე სარკინიგზო სასაზღვრო გადასასვლელი „დოსტიკისა“ და „ხორგოსის“ შემდეგ, რაც ყოველწლიურ ტვირთბრუნვას 20-25 მილიონი ტონით გაზრდის და წელიწადში 1 მილიონამდე კონტეინერის გატარებას შეძლებს.
2026–2028 წლების პროექტი 210 მილიონი დოლარის კერძო ინვესტიციას მოიზიდავს და შექმნის 500–1000 მუდმივ სამუშაო ადგილს, ხოლო ათასობით დამატებითი ადგილი შეიქმნება უშუალოდ მშენებლობის პროცესში და მომიჯნავე ინდუსტრიებში. [The Caspian Post]
■ „საქართველოს რკინიგზამ“ 45 ახალი მაგისტრალური სატვირთო ელმავლის შესაძენად 350 მილიონი დოლარის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვას მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი თანაბრად, 175-175 მილიონი დოლარით აფინანსებენ. პროექტი ახალი ელმავლების ტექნიკური მომსახურებისთვის ხაშურში დეპოს მშენებლობასაც ითვალისწინებს [commersant.ge]
● „ყაზახეთის რკინიგზამ“ (KTZ NC JSC) ეკიბასტუზიდან დიდ ბრიტანეთში მინერალური სასუქების პირველი მულტიმოდალური გადაზიდვა განახორციელა. გადაზიდვა შუა დერეფნისგამოყენებით განხორციელდა და მოიცავდა სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის კომბინაციას. მარშრუტი გადის ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე, რის შემდეგაც ტვირთი ფოთისა და ბათუმის პორტებიდან საზღვაო გზით დიდ ბრიტანეთში, ფელიქსტოუს პორტში გადაიზიდება. [europetime.eu]
■ ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის კასპიის ზღვის ფსკერზე ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. პროექტის დასრულება და ექსპლუატაციაში გაშვება 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება. [gbc.ge]
TRACECA.GE