
2026-09-05
კვირის მთავარი ამბები ლოგისტიკაში, ტრანსპორტსა და ეკონომიკაში
რუსეთი სომხეთის რკინიგზის პროექტში
რუსეთი მზად არის ჩაერთოს სომხეთის რკინიგზის აღდგენის საკითხში, მათ შორის თურქეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით ხაზების ამოქმედებაში. ერევანმა მოსკოვისგან მიიღო სიგნალი, რომ მზადაა განიხილოს ინვესტიციების, პირობებისა და მონაწილეობის დეტალები. სომხეთის რკინიგზას რუსული კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“ კონცესიით მართავს, თუმცა ერევანი შეთანხმების გადახედვასაც განიხილავს.
სომხეთი ცდილობს აღადგინოს პირდაპირი სარკინიგზო კავშირები აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ამჟამად მოქმედი საერთაშორისო სარკინიგზო კავშირი მას მხოლოდ საქართველოსთან აქვს. ახალი მარშრუტები სომხეთს ალტერნატიულ პირდაპირ კავშირებს მისცემს და რეგიონში სატრანსპორტო ნაკადების გადანაწილებას გამოიწვევს.
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ კონცესიის რუსეთისგან მესამე, ორივე მხარისთვის მისაღები ქვეყნისთვის გადაცემა პრობლემის საუკეთესო გამოსავალია. მისი თქმით, არსებული მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდება. 2008 წლის შეთანხმების საფუძველზე რკინიგზას „რუსეთის რკინიგზის“ შვილობილი „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“ მართავს, ხოლო კონცესიის შესაძლო ღირებულებად ფაშინიანი დაახლოებით 400 მილიონ დოლარს ასახელებს. პარალელურად, მან განაცხადა, რომ სომხეთი რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის შესაძლო გაყვანასაც არ შეეწინააღმდეგება.
აზერბაიჯანის გზა მულტიპოლარული სამყაროსკენ
აზერბაიჯანი მულტიპოლარულ სამყაროში საკუთარი გავლენის გაძლიერებას მრავალმხრივი პარტნიორობებით ცდილობს. ბაქო აქტიურად თანამშრომლობს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია-თან და საკუთარ უპირატესობად იყენებს აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნებს, განსაკუთრებით შუა დერეფანს. პარალელურად, აზერბაიჯანი აძლიერებს კავშირებს თურქეთთან, ცენტრალურ აზიასთან, რუსეთთან, ირანთან, აშშ-სა და სხვა ქვეყნებთან, რათა არც ერთ ძალაზე არ გახდეს დამოკიდებული და რეგიონში მნიშვნელოვანი შუამავალი/„საშუალო ძალა“ იყოს.
ვაჭრობა სამხრეთ კავკასიაში
სამხრეთ კავკასიის რეგიონის სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში 57 453.1 მლნ დოლარი შეადგინა, სადაც ექსპორტი 29 370.2 მლნ დოლარს, ხოლო იმპორტი კი - 28 082.9 მლნ დოლარს უტოლდებოდა. წინა წლის იმავე პერიოდში საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 54 095.5 მლნ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, იანვარ-ივლისის პერიოდში რეგიონის საგარეო ვაჭრობა 6.2%-ით გაიზარდა.
პირველი შვიდი თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვაში აზერბაიჯანის წილი 52.9%-ს შეადგენდა, საქართველოს და სომხეთის წილები კი შესაბამისად 27% და 20.1% იყო.
ანაკლია — შუა დერეფნის ახალი კარიბჭე
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. Jan De Nul-ის ორი დამღრმავებელი გემი — Al-Idrisi და Tristao Da Cunha — ერთობლივად მუშაობენ, რის შედეგადაც აკვატორიის სიღრმე 17.5 მეტრამდე გაიზრდება. პარალელურად შენდება 1,376-მეტრიანი ტალღმტეხელი, რაც პორტს დიდი ტვირთამწეობის გემების მიღების შესაძლებლობას მისცემს. სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
პროექტის პირველი ეტაპის დასრულება 2029 წლისთვისაა დაგეგმილი, რომლის შედეგად პორტს მინიმუმ 600 ათასი TEU-ის წლიური გამტარუნარიანობა ექნება, ხოლო 2035 წლისთვის ეს მაჩვენებელი მინიმუმ 1 მილიონ TEU-მდე უნდა გაიზარდოს. პროექტის მთავარი ეკონომიკური მნიშვნელობა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის, ტვირთბრუნვისა და რეგიონული ლოგისტიკური როლის გაზრდაა.
ბლექ სი პეტროლიუმი
ყულევის ქარხანა უკვე აღარ არის დამოკიდებული რუსულ ნედლ ნავთობზე, რაც კომპანიას უმცირებს სანქციებთან დაკავშირებულ რისკებს და უხსნის გზას საერთაშორისო ბაზრებზე. ევროკავშირმა ქარხანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტშიც შეიყვანა, თუმცა სანქციის ამოქმედებამდე ექვსთვიანი პერიოდი განსაზღვრა რუსულ ნავთობზე უარის სათქმელად. ყულევმა რუსული ნავთობი საბოლოოდ ჩაანაცვლა — ჯერ ყაზახურით, ახლა უკვე ლიბიურითაც, და 23 აგვისტოდან ქარხანა მხოლოდ არარუსულ ნედლეულზე მუშაობს.
შესაძლებლობები შუა დერეფნისთვის
2025 წელს ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (TITR) კონტეინერების გადაზიდვები 36%-ით გაიზარდა და დაახლოებით 77 ათასი TEU შეადგინა, თუმცა მთლიანი სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 4.48 მილიონიდან 4.12 მილიონ ტონამდე შემცირდა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, აუცილებელი ინვესტიციებისა და რეფორმების განხორციელების შემთხვევაში, 2030 წლისთვის შუა დერეფანზე ტვირთების მოცულობა შესაძლოა გასამმაგდეს, ხოლო ტრანზიტის დრო განახევრდეს. ამ მიზნით ევროკავშირმა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირებისთვის 10 მილიარდი ევროს მობილიზების ვალდებულება აიღეს.
დერეფნის მთავარი გამოწვევა მარშრუტის ყველა რგოლის შეუფერხებელი მუშაობაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კასპიის ზღვის მონაკვეთი, სადაც ტვირთების ზრდა დამატებით გემებს მოითხოვს, ხოლო ზღვის დონის კლება და არასასურველი ამინდი პორტებისა და საზღვაო გადაზიდვების ოპერირებას ართულებს. ამის საპასუხოდ ყაზახეთი, აზერბაიჯანი და სხვა მონაწილეები ზრდიან საპორტო და საზღვაო შესაძლებლობებს. აქტაუს ახალი საკონტეინერო ჰაბის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წლიურად 140 ათასი TEU-ია, ხოლო აქტაუსა და ყურიკის პორტების ერთობლივი გამტარუნარიანობა დაახლოებით 22 მილიონ ტონას შეადგენს. 2022–2025 წლებში ყაზახეთის პორტების გავლით TITR-ზე კონტეინერების ტრანზიტი 3.8-ჯერ გაიზარდა.
მნიშვნელოვანია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებაც. საქართველოში თბილისი–მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაციამ წლიური გამტარუნარიანობა 27 მილიონიდან 48 მილიონ ტონამდე გაზარდა. ბაქო–თბილისი–ყარსის ხაზი 2026 წლის 2 ივნისს სრული დატვირთვით ამოქმედდა, რის შედეგადაც მისი წლიური სატვირთო გამტარუნარიანობა 1 მილიონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზარდა. თურქეთი დივრიგი–ყარსი–საქართველოს საზღვრის ხაზის მოდერნიზაციასაც ახორციელებს, რომლის მიზანი გამტარუნარიანობის 20 მილიონ ტონამდე გაზრდაა. ბაქოს პორტი კი გაფართოებასა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებას აგრძელებს.
შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობისთვის მნიშვნელოვანია ციფრულიზაცია და მონაწილე ქვეყნების კოორდინაციაც — საინფორმაციო სისტემების ინტეგრაცია, საბაჟო და სატრანსპორტო პროცედურების დაჩქარება და ტვირთების შეუფერხებელი გადაადგილება. დერეფნის ეფექტიანობა დამოკიდებულია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, არამედ რკინიგზების, პორტების, საზღვაო ფლოტების, საბაჟო სისტემებისა და ციფრული პლატფორმების კოორდინირებულ მუშაობაზე. ამ მიმართულებით ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ ერთობლივი სამოქმედო გეგმებიც შეიმუშავეს.
საქართველოს რკინიგზაში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა
2020–2025 წლებში საქართველოს რკინიგზაში დასაქმებულთა რაოდენობა 13%-ით შემცირდა. ამასთან, კომპანიაში დასაქმებულთა ასაკობრივი სტრუქტურა გამოწვევად რჩება — თანამშრომლების მხოლოდ 7% არის 30 წლამდე, მაშინ როცა 50 წლისა და უფროსი ასაკის პირები პერსონალის 54%-ს შეადგენენ.
„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ შეფასებით, კადრების შემცირების ერთ-ერთ მიზეზად ანაზღაურება და სამუშაო პირობები სახელდება. 2020–2025 წლებში საშუალო ხელფასი 1 135-დან 1 829 ლარამდე გაიზარდა, თუმცა ამავე პერიოდში ინფლაციამ 40% შეადგინა. ცენტრი ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს რკინიგზაში ერთ თანამშრომელზე გათვლილი ტვირთბრუნვა სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს ჩამორჩება.
TCRC-ის რეკომენდაციით, პერსონალის ოპტიმიზაცია ტექნიკურ გადაიარაღებასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას უნდა დაემთხვეს, რათა გაიზარდოს რკინიგზის პროდუქტიულობა და შემცირდეს კადრების დეფიციტის რისკი.
ირანი კასპიის ენერგეტიკულ პოტენციალს ააქტიურებს
თეირანი კასპიის ზღვას განიხილავს როგორც მნიშვნელოვან სტრატეგიულ და ეკონომიკურ სივრცეს, რომელიც ქვეყნისთვის რუსეთისა და ცენტრალური აზიის ბაზრებთან კავშირისა და ჩრდილოეთი–სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის გაძლიერების შესაძლებლობას ქმნის. ირანი ცდილობს კასპიის პორტები, რკინიგზა და სამხრეთის პორტები ერთიან სატრანზიტო ქსელად ჩამოაყალიბოს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლეთის სანქციებისა და არსებული სავაჭრო მარშრუტების შეზღუდვის ფონზე.
ირანი ხაზს უსვამს კასპიის ენერგორესურსების მნიშვნელობას და პირდაპირ ახსენებს ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენსა და სამხრეთის გაზის დერეფანს, რაც საქართველოს სტრატეგიულ როლს გამოკვეთს. თეირანის გზავნილი პირდაპირ BTC-ის წინააღმდეგ მიმართულ მუქარად არ უნდა აღიქმებოდეს; უფრო მეტად, ირანი კასპიის ენერგეტიკული და სატრანსპორტო ნაკადებისთვის საკუთარ ტერიტორიას საქართველოს გავლით არსებული მარშრუტების ალტერნატივად წარმოაჩენს.
შუა დერეფანი
ყაზახეთი შუა დერეფნის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისთვის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობას ავითარებს. ქვეყანაში ლოკომოტივების წარმოება უკვე მნიშვნელოვან ინდუსტრიად ჩამოყალიბდა: ქარხანა წელიწადში დაახლოებით 120 ლოკომოტივს აწარმოებს, პროდუქცია კი რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში გადის. ამასთან, Wabtec-ის მონაწილეობით გაფორმებული 4.2 მილიარდი დოლარის კონტრაქტი ყაზახეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებასა და ქვეყნის სატრანზიტო როლის გაძლიერებას ემსახურება.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის აქცენტი საქართველოს შესაძლებლობებზე: მაშინ, როცა აზერბაიჯანი გემთმშენებლობას, უზბეკეთი კი სასაწყობო ინფრასტრუქტურას ავითარებს, საქართველო ჯერჯერობით ძირითადად ტრანზიტის გამტარის ფუნქციით შემოიფარგლება. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია შუა დერეფნის ფარგლებში დამატებითი სერვისების — წარმოების, ტექნიკური მომსახურების, სარემონტო და ლოგისტიკური ცენტრების — განვითარება, რათა ტრანზიტთან ერთად დამატებითი ეკონომიკური სარგებელიც მიიღოს.
სომხეთი–ირანის დერეფანი
სომხეთის მთავრობამ ირანთან „გამარტივებული საბაჟო დერეფნის“ ამოქმედების პროტოკოლი დაამტკიცა. ახალი რეჟიმი მიზნად ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გამარტივებასა და ტვირთების გადაადგილების დაჩქარებას ისახავს. პროგრამა კანონმორჩილი კომპანიებისთვის საბაჟო კონტროლისა და სავალდებულო დოკუმენტაციის შემცირებას, საზღვარზე დაყოვნების დროისა და გადამზიდველების საოპერაციო ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს.
სომხეთის ექსპორტი ევროკავშირში
ევროკავშირის საბჭომ სომხეთის ეკონომიკის მხარდასაჭერად დროებითი სავაჭრო-ლიბერალიზაციის ზომებს მხარი დაუჭირა. ახალი რეჟიმი სომხეთის ევროკავშირში ექსპორტის დაახლოებით 80%-ს გაათავისუფლებს სავაჭრო შეზღუდვებისგან, რაც მიზნად სომხური პროდუქციისთვის ევროპულ ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებასა და ევროკავშირი-სომხეთის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას ისახავს. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს პირობებსა და დამცავ მექანიზმებს, რათა იმპორტის ზრდამ ევროკავშირის მწარმოებლებს ზიანი არ მიაყენოს.
ვინ ააშენებს წიწამური-ავჭალის გვირაბს?
თბილისის შემოვლითი გზის წიწამური-ავჭალის 7.3-კილომეტრიან მონაკვეთს ჩინური China Railway Tunnel Group (CRTG) ააშენებს. პროექტის ღირებულება 499.1 მილიონი ლარია, სამუშაოები კი 36 თვეში უნდა დასრულდეს. კომპანია საქართველოში უკვე მუშაობს. CRTG ჩართულია ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობაში, რომლის კონტრაქტიც 902 მილიონი ლარია. ასევე აშენებს სტეფანწმინდა-გველეთის გზის 4.5-კილომეტრიან მონაკვეთს, რომლის ღირებულება დაახლოებით 215 მილიონი ლარია. CRTG 1978 წელს დაარსებული ჩინური სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც გვირაბებისა და სხვა რთული ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაზე სპეციალიზდება.
TRACECA და AGTL თანამშრომლობას აძლიერებენ
ბაქოში, TRACECA-ს მუდმივმა სამდივნომ აზერბაიჯანის საბაჟო წარმომადგენლებისა და ლოგისტიკური კომპანიების ასოციაციის (AGTL) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს შუა დერეფნის განვითარება, აზერბაიჯანის სატრანზიტო როლი და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გაძლიერება. AGTL-ის წარმომადგენლები ასევე მიწვეულნი არიან 7 სექტემბერს TRACECA-ს მუდმივ სამდივნოში დაგეგმილ საერთაშორისო სემინარზე. IGC TRACECA
საქართველო–იაპონიის თანამშრომლობა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ იაპონიის ციფრულ სააგენტოსთან გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმება ითვალისწინებს ციფრულ ტექნოლოგიებში გამოცდილების გაზიარებას, კონკრეტული პროექტებისა და აქტივობების ერთობლივად განხორციელებას და ციფრული მმართველობის განვითარებას. თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს 2025–2030 წლების ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტი მოქალაქეზე ორიენტირებული ციფრული საჯარო სერვისების გაუმჯობესებაა.
ფოთის ნავსადგურში ტვირთბრუნვა გაიზარდა — APM Terminals-ის 2026 წლის პირველი 8 თვის მონაცემები
კონტეინერები: იანვარ-აგვისტოში დამუშავდა 464,605 TEU, რაც წინა წლის იმავე პერიოდზე 7.5%-ით მეტია.
საკონტეინერო გემები: ნავსადგურმა მიიღო 291 გემი, 2025 წლის 239-ის ნაცვლად.
გენერალური ტვირთები: დამუშავდა 297,361 ტონა, რაც წლიურად 55%-იანი ზრდაა.
საბორნე ტვირთები: მოცულობამ 143,454 ტონა შეადგინა, წინა წლის 113,060 ტონასთან შედარებით.
ზაფხულის სეზონი განსაკუთრებით აქტიური იყო: ივნის-აგვისტოში კონტეინერების მოცულობა 176,272-დან 187,524 TEU-მდე გაიზარდა, ხოლო გენერალური ტვირთები 62,733-დან 136,504 ტონამდე — ანუ ორჯერ მეტზე მეტად.
ფოთის ახალი ნავსადგურის პროექტი ახალ ეტაპზე გადადის. PACE Group-ს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადა 2028 წლის სექტემბრამდე გაუხანგრძლივდა. პროექტის მეორე ფაზის საინვესტიციო მოცულობა $130 მლნ-ს შეადგენს, მათ შორის $75 მლნ აშშ-ის DFC-ის დაფინანსებაა. პროექტი ითვალისწინებს ახალი ნავმისადგომისა და ნაყარი ტვირთების ტერმინალის განვითარებას. მიზანი ფოთის პორტის წლიური ტვირთბრუნვის 3 მლნ-დან 5 მლნ ტონამდე გაზრდაა, რაც საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში ფოთის პორტის როლის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
წყაროები: gbc.ge gbc.ge caliber.az
gnomonwise.org bp.ge businessinsider.ge
bm.ge businessinsider.ge commersant.ge