
2025-03-02
The Economic Times-ის ცნობით, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის ახალი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის პროექტი 2016 წელს ირანმა წამოაყენა, რომ ქვეყანა ევროპას სამხრეთ კავკასიის გავლით დაკავშირებოდა. მაშინ პროექტით ყველა პოტენციური მონაწილე ქვეყანა, კერძოდ, ირანი, სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ბულგარეთი და საბერძნეთი დაინტერესდნენ, თუმცა მოლაპარაკებები კოვიდპანდემიის დროს შეჩერდა.
2024 წლის ივლისიდან სომხეთი “მშრალი პორტისა” და ინდუსტრიული ზონის მშენებლობის პროექტზე მუშაობას იწყებს. შირაქის მშრალი პორტის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უკვე ჩატარდა. პროექტის განხორციელებით, გიუმრში შეიქმნება ლოჯისტიკური ცენტრი, ინდუსტრიული ზონა, თავისუფალი ეკონომიკური ზონა, სასაწყობო ზონები. ის საშუალებას მისცემს საქონლისა და ტვირთის ტრანსპორტირებას ნებისმიერი მიმართულებით, როგორც საჰაერო, ასევე სარკინიგზო ტრანსპორტით. „მშრალი პორტის“ ცნება მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და განსაკუთრებით აქტუალურია სომხეთისთვის. ფუნქციურად „მშრალი პორტი“ პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება საზღვაო პორტისგან, გემების ნაცვლად მხოლოდ სარკინიგზო ვაგონები და სატვირთო მანქანები გამოიყენება.
2024 წლის აგვისტოში სომხეთმა, ირანმა და ინდოეთმა ახალი სავაჭრო მარშრუტის ჩაშვება დაანონსეს. წლის ბოლოს სამივე ქვეყანა ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნაზე შეთანხმდა. ლოგისტიკური ჯაჭვი უნდა დაიწყოს ინდოეთის საპორტო ქალაქ მუმბაიდან, შემდეგ ირანის პორტ ჩაბაჰარამდე ჩავიდეს, საიდანაც სომხეთის და საქართველოს გავლით დასავლეთის ან ჩრდილოეთის ბაზრებზე მოხვდეს.
2025 წლის 1 მარტს ევროკავშირმა და ინდოეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ორ მხარეს შორის თავისუფალი ვაჭრობის პაქტზე მუშაობა მიმდინარე წელს დასრულდება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ინდოეთში ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი.
ევროკავშირ-ინდოეთის ურთიერთობებში წინა პლანზე ვაჭრობა იქნება. ევროკავშირი ინდოეთის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, რომელზეც, 2023 წლის მონაცემებით, 124 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელბრუნვა მოდის, რაც ინდოეთის მთლიანი ვაჭრობის 12 პროცენტს აჭარბებს. ინდოეთის მზარდი ბაზარი დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს სხვადასხვა სექტორს, თავდაცვიდან დაწყებული და სოფლის მეურნეობით, ავტომობილების წარმოებითა და „მწვანე“ ენერგეტიკით დამთავრებული.
ჯერ კიდევ 2023 წლის ოქტომბერში ევროკომისიამ მოუწოდა სომხეთს მონაწილეობა მიიღოს შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის პროექტში ჩაერთოს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით რუმინეთს უნდა დაუკავშირდეს.
სამხრეთ-დასავლეთის დერეფნის პროექტის ხორცშესხმისთვის შესაძლებლობები იზრდება. ამასთან საგულისხმოა, რომ გიუმრის მშრალი პორტი ყველაზე მოკლე დისტანციაში იმყოფება საქართველოს ქალაქ ახალქალაქის სარკინიგზო სადგურთან, რომელიც წარმოადგენს ლოგისტიკურ ცენტრს ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე. სომხეთ-საქართველოს შორის არსებული გამარტივებული სამგზავრო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა თავისთავად ხელს უწყობს სამხრეთ-დასავლეთის დერეფნის დაწინაურებას.
წყარო: bm.ge bpn.ge businessinsider.ge