
2026-09-15
ბაქოს პორტის გაფართოება
აზერბაიჯანი ბაქოს საერთაშორისო პორტის გამტარუნარიანობის მკვეთრად გაზრდას გეგმავს, რათა გააძლიეროს ქვეყნის როლი ევროპა-აზიის სატრანსპორტო კვანძში: პორტის საკონტეინერო სიმძლავრე უკვე 100 ათასი TEU-დან 150 ათასამდე გაიზარდა, 2026 წლის ბოლოსთვის 200 ათასს, ხოლო 2027 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 300 ათას TEU-ს უნდა მიაღწიოს. ბაქოს პორტისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ინტეგრაცია მიზნად ისახავს სარკინიგზო-საზღვაო გადაზიდვების დაჩქარებას და რეგიონული სატვირთო ნაკადების ზრდას.
ბაქო-კურიკის ბორანი აღდგება
ყაზახეთი და აზერბაიჯანი კასპიის ზღვაზე კურიკისა და ბაქოს პორტებს შორის სამგზავრო საბორნე მიმოსვლის აღდგენას გეგმავენ. აღნიშნული მარშრუტი 2020 წლამდე ფუნქციონირებდა, თუმცა COVID-19-ის პანდემიის გამო შეჩერდა და მანამდე წელიწადში დაახლოებით 1 500 მგზავრს ემსახურებოდა. ორივე ქვეყნის სატრანსპორტო უწყებები უკვე მუშაობენ მიმოსვლის აღდგენაზე, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმისა და სამგზავრო კავშირების განვითარებას და „შუა დერეფნის“ შესაძლებლობების გაფართოებას.
„ყაზტრანსოილის“ მაჩვენებლები
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის ტრანზიტი გაიზარდა: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1.034 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა, რაც წლიურად 12%-იანი ზრდაა, ხოლო ბათუმის ნავთობტერმინალში ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის ტრანზიტმა 1.251 მლნ ტონა შეადგინა, ანუ 3%-ით მეტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
KTZ-ის ციფრული მოდერნიზაცია
ყაზახეთის რკინიგზა (KTZ) და Huawei სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ციფრულ მოდერნიზაციაზე თანამშრომლობას განიხილავენ. საუბარია თანამედროვე საკომუნიკაციო ქსელის, მონაცემთა ცენტრებისა და ინტელექტუალური მართვის სისტემების დანერგვაზე, რაც მატარებლების მოძრაობის ეფექტიანობასა და ინფრასტრუქტურის მართვას გააუმჯობესებს.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კიბერუსაფრთხოებასა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას. მიზანია ყაზახეთის სარკინიგზო სისტემის უფრო უსაფრთხო, ეფექტიან და ტექნოლოგიურად განვითარებულ ინფრასტრუქტურად გარდაქმნა.
ყაზახეთი ბაქო-სუფსის შესახებ
ყაზახეთი აზერბაიჯანულ მხარესთან და ნავთობკომპანიებთან კონსულტაციებს აწარმოებს, რათა საკუთარი ნავთობის ექსპორტისთვის ბაქო-სუფსის მილსადენის გამოყენების შესაძლებლობა შეისწავლოს. მხარეები ამჟამად მარშრუტის კომერციულ და ტექნიკურ პირობებზე მუშაობენ. პარალელურად, ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ნავთობის ექსპორტის გაზრდასაც გეგმავს. 2026 წელს ამ მარშრუტით ექსპორტის გეგმა 2.2 მლნ ტონაა, თუმცა წლის ბოლომდე მოცულობამ შესაძლოა 2.5–3 მლნ ტონას მიაღწიოს. იანვარ-აგვისტოში ბთჯ-ით უკვე 1.034 მლნ ტონა ყაზახური ნავთობი გადაიზიდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდზე 12%-ით მეტია.
სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაცია
ასოციაციის ხელმძღვანელის ირაკლი ნემსაძის თქმით, შუა დერეფნის მიმართ მოლოდინი ბოლო ორ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ტვირთბრუნვის ზრდას ხელს უწყობს გლობალური ტვირთმფლობელების ნდობის მატება, საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობა და გადაზიდვის ნებართვების სისტემის გაუმჯობესება და ციფრულიზაცია. დერეფნის მთავარი უპირატესობა მისი პოლიტიკური საიმედოობა და მონაწილე ქვეყნების ინტერესთა თანხვედრაა.
მთავარ პრობლემებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის არასაკმარისი გამტარუნარიანობა, საბაჟო-სასაზღვრო შეფერხებები და ბიუროკრატიული/კორუფციული ბარიერები, განსაკუთრებით აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მიმართულებით. ამ დაბრკოლებების შემცირების შემთხვევაში, გადაზიდვის ღირებულება შესაძლოა დაახლოებით 20%-ით შემცირდეს, რაც შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
საწყობების ბუმი
2024 წლიდან თბილისში საწყობების მიწოდების ზრდის ტემპი დაჩქარდა. "გალტ&თაგარტის" მონაცემებით, ქვეყანაში დღეისთვის 1.77 მლნ კვ.მ.-ის სასაწყობე ფართია, საიდანაც დიდი ნაწილი სწორედ თბილისშია კონცენტრირებული. საინვესტიციო ბანკის მოლოდინია, რომ თბილისში საწყობების მიწოდება 2026 წლისთვის 1.45 მლნ კვ.მ.-მდე, ხოლო 2027 წლისთვის 1.65 მლნ კვ.მ.-მდე გაიზარდება.
საქართველო — ლოგისტიკური ჰაბი
APB Logistics-ის დირექტორის ნინო მენთეშაშვილის შეფასებით, გლობალური გამოწვევებისა და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა შესაძლებლობას აძლევს, რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის როლი გააძლიეროს. მისი თქმით, საქართველოში დიდი ჰაბის განვითარება ბიზნესებს შორ მანძილზე ტვირთების ტრანსპორტირების რისკებს შეუმცირებს და ქვეყანას შუა დერეფნისა და აღმოსავლეთ ევროპის საიმედო ლოგისტიკურ დასაყრდენად აქცევს.
ტვირთბრუნვის ზრდა საქართველოში
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში ბოლო 10 წლის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში 13.7 მილიონი ტონა ტვირთი გადამუშავდა, რაც წლიურად 24%-იანი ზრდაა, ხოლო კონტეინერების რაოდენობამ 554 174 TEU შეადგინა.
ზრდა დაფიქსირდა რკინიგზით გადაზიდვებშიც — 8 თვეში 9.7 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, 11%-ით მეტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. განსაკუთრებით, 14%-ით გაიზარდა სატრანზიტო გადაზიდვები, რაც საქართველოსა და შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობაზე მიუთითებს. საჰაერო ტვირთბრუნვის სეგმენტში, აეროპორტების მიერ გადამუშავდა 29.3 ათასი ტონა ტვირთი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 30%-ით აღემატება და ასევე ათწლეულის რეკორდია.
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტი
კომიტეტის თავმჯდომარე ლევან სულაბერიძე: "არ შეიძლება შუა დერეფანი დამოკიდებული იყოს ფოთში ორ ვიწრო რკინიგზის ხაზზე, რომელიც ფაქტობრივად, ქალაქის ცენტრში გადის. ახალი რკინიგზის სადგურია ასაშენებელი, რომ როცა ანაკლიაც აშენდება და ფოთის ნავსადგურის განვითარება დაიწყება, სარკინიგზო ინფრასტუქტურა იყოს შესაბამისობაში.
ანაკლია სასიცოცხლოდ აუცილებელი გრძელვადიანი პროექტია... თუმცა უნდა მივცეთ ბიზნესს იმის საშუალება, რომ იქ სადაც ეს ინფრასტრუქტურა არსებობს, განვითარდეს. ფოთში ამის დიდი შესაძლებლობებია. ამასთან, ფოთის ნავსადგურს ფლობს მსოფლიო ლიდერი სანავსადგურო მართვის თვალსაზრისით. მას აქვს საკმარისი ფინანსები და ტერიტორია, რომ ანალოგიური ინფრასტრუქტურა განავითარონ. ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის მზაობა არის, მაგრამ როგორც ვიცი მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდებიან.
შევძლებთ დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახეობის ტვირთის ერთდროულად დასაწყობებას, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ ქართული ნავსადგურები გახდნენ ბევრად უფრო მიმზიდველი შუა აზიური ბიზნესისთვის, რათა მათ შეძლონ სავაჭრო გზების მეტად დივერსიფიცირება. თუმცა, ვიდრე პორტის ნაწილი დაგვეწევა, გვაკლია ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა. როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო ნაწილში. დღეს ფოთში ეს უკვე იგრძნობა. მიუხედავად იმისა რომ ფოთში 20 საკონტეინერო ტერმინალია, არ არის საკმარისი...
ცოტა დამაბნეველია სიტუაცია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინის აქტივობამ რუსეთის ტერიტორიაზე გამოიწვია ძალიან ბევრი პროდუქტის დეფიციტი რუსეთში, რამაც რუსეთი აიძულა აეკრძალა გარკვეული საქონლის ექსპორტი. შესაბამისად, გაჩნდა გარკვეული დეფიციტი სხვადასხვა საქონელზე და ჩვენ ვიქეცით ერთადერთ დერეფნად, რომლითაც შეიძლება შუა აზიური ქვეყნები მარაგდებოდნენ. ეს დამატებითი ახალი შესაძლებლობაა. დავინახეთ რომ გარკვეული ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიძლება ყოფილიყო, დღეს ბევრად მოთხოვნადი იქნებოდა."
SOCAR-ის ახალი ნაბიჯი
SOCAR-მა საქართველოში იტალიიდან 5,000 ტონა ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა. საწვავი იტალიურმა კომპანია Italiana Petroli-მ მიაწოდა და ის ევროპულ EN 228 სტანდარტს აკმაყოფილებს. ეს არის SOCAR-ისა და Italiana Petroli-ს შორის პირველი პირდაპირი კომერციული მიწოდება. თანამშრომლობა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც SOCAR-მა იტალიური კომპანიის 99.82%-იანი წილი შეიძინა.
ახალი მიმართულებიდან საწვავის შემოტანა საქართველოსთვის დამატებით შესაძლებლობას ქმნის, რადგან ქვეყანა საწვავის მომარაგების წყაროებს აფართოებს. რაც ბაზარზე საწვავის სტაბილურ და მოქნილ მომარაგებას შეუწყობს ხელს.
წყაროები:
businessinsider.ge / bm.ge / bm.ge / bm.ge
businessinsider.ge / entrepreneur.com