News

აბრეშუმის გზის დაიჯესტი | 17 ოქტ 2026

2026-10-17

საფრანგეთ-საქართველოს ეკონომიკური პარტნიორობა

საქართველოში საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკასა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე საუბრობს. მისი განცხადებით, 2025 წელს ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 313 მილიონი ევრო შეადგინა, თუმცა ახალი ფრანგული ინვესტიციების მოზიდვა კვლავ გამოწვევად რჩება. ელჩი ფრანგული კომპანიების ინტერესს საქართველოს სტრატეგიული მდებარეობითა და შუა დერეფნის პოტენციალით ხსნის, თუმცა აღნიშნავს, რომ რიგი კომპანიები საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას მოლოდინის რეჟიმში არიან. თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებად დასახელებულია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, წყალმომარაგება, ნარჩენების მართვა და სოფლის მეურნეობა. ინტერვიუში საუბარია ვაზიანის აეროპორტის, საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაზრდისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტებში ფრანგული კომპანიების შესაძლო მონაწილეობაზეც. ელჩის შეფასებით, ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებას ხელს შეუწყობს ბიზნესგარემოსადმი ნდობის განმტკიცება და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარება.

საქართველო-უზბეკეთის სავაჭრო ურთიერთობები

საქართველომ და უზბეკეთმა ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომაზე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა პრიორიტეტად ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაზრდა და უახლოეს პერიოდში სავაჭრო ბრუნვის 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდა განსაზღვრეს, განსაკუთრებული ყურადღება კი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის როლსა და შუა დერეფნის განვითარებას დაეთმო.

შავ ზღვაში გემების დაზღვევა გაძვირდა

შავ ზღვაში ნავთობის გადამზიდავი გემების დაზღვევის ღირებულება 200 ათასი დოლარიდან 2,5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც ნავთობის ტრანსპორტირების ხარჯებსა და საწვავის ფასებზე ზრდის მიმართულებით ზეწოლას აძლიერებს. გაძვირება საზღვაო უსაფრთხოების რისკების ზრდას უკავშირდება. 6 ოქტომბერს ბულგარეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში თავდასხმების შედეგად ერთი გემი ჩაიძირა, მეორე კი დაზიანდა. ამასთან, გემების სადაზღვევო პრემიები ორ კვირაში მათი ღირებულების 0,1%-დან 0,5%-მდე გაიზარდა და შესაძლოა 1%-ს მიაღწიოს.

საქართველო შუა დერეფნის განვითარებაზე

საქართველო მზადაა, ყაზახეთთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის, რათა შუა დერეფანმა ერთიანი, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო სისტემის სახით იფუნქციონიროს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა, ასტანაში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრთა შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, დერეფნის პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული ინვესტიციების კოორდინაცია, გამტარუნარიანობის გაუმჯობესება და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ ვაჭრობასა და ინვესტიციების მოზიდვას.

ნახიჩევანში რკინიგზის აღდგენა გრძელდება

აზერბაიჯანი ნახიჩევანში 194 კმ-იანი სარკინიგზო ხაზის აღდგენას აგრძელებს, პარალელურად კი სომხეთი ნახიჩევანის საზღვართან რკინიგზის რეაბილიტაციასა და კაპანისა და მეგრის მიმართულებით კავშირის განვითარებას განიხილავს. ამასთან, სომხეთის მთავრობამ რუსეთის რკინიგზასთან მოქმედი 30-წლიანი საკონცესიო ხელშეკრულების პირობების გადასახედად სამუშაო ჯგუფი შექმნა, რაც ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მდგომარეობასაც უკავშირდება.

ფოთის პორტის გაფართოება გადაწყვეტილებას ელოდება

ფოთის პორტის $300-მილიონიანი გაფართოების პროექტზე ტექნიკური საკითხები თითქმის შეთანხმებულია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება კვლავ მიღებული არ არის. APM Terminals Poti-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ზვიად ჩხარტიშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებები წლის ბოლოს განახლდება. პარალელურად, საბაჟო და სასაზღვრო პროცედურების შემცირებაზე მუშაობა პორტის გამტარუნარიანობის გაზრდას ემსახურება.

TRACECA და ბულგარეთი შავი ზღვის ლოგისტიკურ კავშირებს ავითარებენ

TRACECA-ს გენერალური მდივანი ჟასურბეკ ჩორიევი 5–6 ოქტომბერს სოფიაში, ბურგასა და ვარნაში ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს, გიორგი პეევს და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრებზე განიხილეს ვარნისა და ბურგასის ღრმაწყლოვანი პორტების მოდერნიზაცია, თურქეთის მიმართულებით საავტომობილო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის გაორმაგება, ნებართვების კვოტები, დიგიტალიზაცია და ვარნის საბორნე კავშირის განვითარება.

TRACECA.GE


წყაროები:
businessinsider.ge / businessinsider.ge
commersant.ge / businessinsider.ge
commersant.ge / bm.ge / traceca-org.org