News

აბრეშუმის გზის დაიჯესტი | 25 ოქტ 2026

2026-10-25

ლოგისტიკური ცენტრის გაფართოება

„თბილისის ლოგისტიკური ცენტრი“ ოქტომბრის ბოლოს 15 000 კვ. მ-მდე ფართობის ახალ საწყობს გახსნის. წლის ბოლომდე კი დამატებით 50 000 კვ. მ ფართობის სასაწყობე სივრცის განვითარებას გეგმავს.

კომპანიამ სასაწყობე მიმართულების განვითარება 2024 წელს დაიწყო და ამჟამად 50 000 კვ. მ-მდე ფართობის საბაჟო და არასაბაჟო საწყობებს ფლობს.

ალიევი და ვანგ ი შუა დერეფანზე

14 ოქტომბერს ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის შეხვდა. მხარეებმა სავაჭრო ურთიერთობების, ჩინური ინვესტიციებისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება კი შუა დერეფანსა და „სარტყლისა და გზის“ ინიციატივას დაეთმო.

TransLogistica Kazakhstan 2026

2026 წლის 14–16 ოქტომბერს ასტანაში გამართულ TransLogistica Kazakhstan 2026-ზე ТМТМ-მა (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაცია) შუა დერეფნის შესაძლებლობები და განვითარების პერსპექტივები წარმოადგინა. ასოციაციის წარმომადგენლები ასევე მონაწილეობდნენ ბიზნესფორუმ „New Silk Way“-ში, სადაც განიხილეს სატრანსპორტო ლოგისტიკის ციფრული ტრანსფორმაცია და მსოფლიო ბანკის ანგარიში ტრანსკასპიური დერეფნის განვითარების შესახებ.

კასპიის პორტების თანამშრომლობა

AZCON Holding-ისა და აზერბაიჯანის რკინიგზის (ADY) დელეგაციებმა ყაზახეთის ძირითადი საპორტო და ტერმინალური ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ბაქოს, აქტაუსა და კურიკის პორტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების, ტვირთების დამუშავებისა და საოპერაციო კოორდინაციის გაუმჯობესებისა და ციფრული მონაცემების გაცვლის საკითხები განიხილეს, შუა დერეფნის სატრანზიტო შესაძლებლობებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით.

თურქეთი საქართველოს მთავარი მომწოდებელი

თურქეთი 2026 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოს უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა გახდა — საქართველომ თურქეთიდან 2 მილიარდ 187,7 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა. ორ ქვეყანას შორის საქონლით ვაჭრობის მთლიანმა მოცულობამ დაახლოებით 2 მილიარდ 547 მილიონი დოლარი შეადგინა.

ევროპულ ბაზარზე გადასვლის ბარიერები

რუსეთის მიერ ქართულ საექსპორტო პროდუქტებზე დაწესებულმა შეზღუდვებმა შესაძლოა ადგილობრივ გადამზიდავებზე უარყოფითად იმოქმედოს და იმპორტის ლოგისტიკური ხარჯები გაზარდოს. სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ირაკლი ნემსაძის შეფასებით, ქართული სატრანსპორტო კომპანიების ევროპულ ბაზარზე გადასვლას საკადრო დეფიციტი, მოძველებული ავტოპარკი და ფინანსური რესურსების ნაკლებობა აფერხებს. სექტორის განვითარებისთვის, მისი თქმით, აუცილებელია სახელმწიფოს, საბანკო სექტორისა და კერძო ბიზნესის კოორდინირებული ჩართულობა.

Akkon Lines-ის ახალი სერვისი

თურქული საზღვაო გადამზიდავი Akkon Lines ნოემბრის დასაწყისში დერინჯესა და ფოთს შორის ახალ საკონტეინერო სერვისს — Poti Shuttle-ს აამოქმედებს. თავდაპირველად, მარშრუტზე 344 TEU ტევადობის გემი CHONA იმუშავებს, პირველი რეისი კი 4 ნოემბერს არის დაგეგმილი. შემდგომში გემები ყოველ ცხრა დღეში ერთხელ იმოძრავებენ. ახალი სერვისი კომპანიის შავი ზღვის რეგიონულ ქსელს გააფართოებს და თურქეთსა და საქართველოს შორის საკონტეინერო გადაზიდვების დამატებით შესაძლებლობას შექმნის.

სომხეთი TRIPP-ის პროექტზე

სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმა კომისიამ აშშ-სთან TRIPP-ის პროექტის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა. პროექტი ზანგეზურის დერეფნის სომხეთის მონაკვეთზე სატრანსპორტო კავშირების განვითარებას ითვალისწინებს, რაც აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და ნახიჩევანს შორის კავშირის აღდგენას და რეგიონული სატრანზიტო შესაძლებლობების გაფართოებას ისახავს მიზნად.

კასპიის ზღვაზე ახალი გემები

კასპიის ზღვაზე 2027 წლიდან უფრო დიდი ტევადობის საკონტეინერო ფიდერული გემების ექსპლუატაციაში გაშვებაა მოსალოდნელი, რაც შუა დერეფნის საზღვაო გადაზიდვების განვითარებას შეუწყობს ხელს. პარალელურად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ მეტრულ ტონამდე გაიზარდა, ხოლო ალათის პორტის გაფართოება მიმდინარეობს. დერეფნის ეფექტიანობის გასაზრდელად კვლავ პრიორიტეტულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და საინფორმაციო სისტემების ინტეგრაცია.

შუა დერეფნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა

OPEC Fund თურქეთში 127-კილომეტრიანი ელექტრიფიცირებული სარკინიგზო ხაზის მშენებლობას 250 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს. პროექტი ჩაიროვასა და ჩატალჯას დააკავშირებს, ბოსფორის სრუტეზე სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების წლიურ გამტარუნარიანობას 50 მილიონ ტონამდე გაზრდის და სტამბოლის სატრანსპორტო ქსელის განტვირთვას შეუწყობს ხელს. ახალი ხაზი გააძლიერებს აზიასა და ევროპას შორის სატვირთო კავშირებს და შუა დერეფნის განვითარებას შეუწყობს ხელს.

TRACECA.GE

წყაროები:
businessinsider.ge
caspianpost.com
middlecorridor.com
businessinsider.ge
chveneburi.net
bm.ge
bm.ge
bpn.ge
europetime.eu
commersant.ge