
2026-10-30
ჩეხეთთან დიალოგის გაფართოება
2026 წლის 12 ოქტომბერს, ბაქოში, TRACECA-ს მუდმივი სამდივნოს წარმომადგენლები ჩეხეთის რესპუბლიკის ბიზნესდელეგაციას შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ევროპა–კავკასია–აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების, ევროპულ ლოგისტიკურ მარშრუტებში მისი ინტეგრაციისა და ევროპული ბიზნესსაზოგადოების ერთობლივ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობები.
ავღანეთის ბაზარი საქართველოსთვის
საქართველოში ირანის ელჩი ალი მოჯანი ქართულ კომპანიებს ავღანეთის ბაზარზე შესვლას ირანის სატრანზიტო შესაძლებლობების გამოყენებით სთავაზობს. ინიციატივა ითვალისწინებს საქართველოდან ავღანეთში ტვირთების გადაზიდვის ეფექტიანი მარშრუტების განვითარებასა და სავაჭრო კავშირების გაღრმავებას. მომზადებულ ანგარიშში წარმოდგენილია ავღანეთის ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქციის კატეგორიები, მათ შორის სურსათი, ავტომობილები, ავტონაწილები, ენერგეტიკული აღჭურვილობა და სამშენებლო მასალები.
ბათუმის პორტის ტვირთბრუნვა გაიზარდა
2026 წლის იანვარ-სექტემბერში ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა 6,25 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით მეტია. ზრდა მშრალი, საკონტეინერო, საბორნე და ნავთობშემცველი ტვირთების ბრუნვის მატებამ განაპირობა. ამავე პერიოდში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების საერთო მოცულობამ 15,4 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წლიურად 24%-იანი ზრდაა.
შუა დერეფნის განვითარება
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი TRACECA-ს ახალ გენერალურ მდივანს, ჟასურბეკ ჩორიევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მონაწილეობა TRACECA-ს პროგრამაში, სამომავლო თანამშრომლობა და დერეფნის ციფრული ტრანსფორმაცია განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის განვითარებას, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებასა და ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზაცია და თბილისის ახალი აეროპორტი.
სომხეთმა TRIPP-ის შეთანხმება დაამტკიცა
სომხეთის პარლამენტმა 63 ხმით 32-ის წინააღმდეგ დაამტკიცა აშშ-სთან გაფორმებული TRIPP-ის ჩარჩო შეთანხმება, რომელიც სიუნიქის რეგიონის გავლით აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და ნახიჩევანს შორის სატრანსპორტო კავშირის განვითარებას ითვალისწინებს. პროექტი მოიცავს საავტომობილო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, ელექტროგადამცემი ხაზებისა და ციფრული კავშირების განვითარებას, ასევე რეგიონული სავაჭრო მარშრუტებისა და სატრანზიტო შესაძლებლობების გაფართოებას. TRIPP Development Company-ში აშშ-ის წილი 74%, ხოლო სომხეთის — 26% იქნება. პროექტი სომხეთის სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ფარგლებში განხორციელდება, თუმცა მის ამოქმედებამდე შესაბამისი პროცედურებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებაა საჭირო.
საქართველო — ფინანსური კავშირების გაძლიერება
ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (AIFC) მმართველის, რენატ ბექტუროვის განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შეუძლია შეასრულოს ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ფინანსური კავშირების გაღრმავებაში. „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში მან შუა დერეფნის განვითარების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და კაპიტალის ბაზრების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბექტუროვის შეფასებით, AIFC-სა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი რეგიონული ფინანსური ინტეგრაციის გაღრმავების შესაძლებლობებს ქმნის.
GNS Georgia უზბეკეთში ფართოვდება
GNS Georgia, კომპანია COSCO SHIPPING LINES-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, უზბეკეთში ფილიალის გახსნას 2027 წლის პირველ კვარტალში გეგმავს. კომპანია მანამდე წარმომადგენლობებს ყაზახეთსა და აზერბაიჯანში გახსნის. გაფართოების მიზანი ცენტრალურ აზიაში საქმიანობის გაძლიერება და რეგიონში ერთიანი ლოგისტიკური ჯაჭვის ჩამოყალიბებაა.
საქართველო-სინგაპურის ფინტექ სტიპენდია
საქართველოსა და სინგაპურს შორის ფინტექის მომავალი ლიდერების სასტიპენდიო პროგრამის შექმნის შესახებ შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. ინიციატივა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და STEM მიმართულებების სტუდენტებს 2027 წლიდან Singapore Management University-ში ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლის, ფინტექის სექტორში პრაქტიკული გამოცდილებისა და მენტორობის მიღების შესაძლებლობას მისცემს. პროგრამას Tether და Pave Bank აფინანსებენ, ხოლო მისი პარტნიორია Global Finance & Technology Network (GFTN). შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და სინგაპურს შორის საგანმანათლებლო და პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებას.
თურქეთის სარკინიგზო ინვესტიცია
თურქეთი 2031 წლისთვის ჩინეთსა და ევროპას შორის, რუსეთის გვერდის ავლით, უწყვეტი სატვირთო სარკინიგზო დერეფნის განვითარებას გეგმავს, რისთვისაც სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია სტამბოლის ჩრდილოეთის სარკინიგზო ხაზი, რომლის ღირებულება 8,3 მილიარდ დოლარს შეადგენს. 127-კილომეტრიანი ელექტრიფიცირებული ხაზი ბოსფორს იავუზ სულთან სელიმის ხიდის გავლით გადაკვეთს და ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს გვერდს აუვლის. პროექტის განხორციელების შედეგად ბოსფორის გავლით სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების წლიური გამტარუნარიანობა 3 მილიონიდან 50 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ინიციატივა მიზნად ისახავს ლოგისტიკური შეფერხებების შემცირებასა და შუა დერეფნის გაძლიერებას, რომელიც ჩინეთსა და ევროპას ცენტრალური აზიის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით აკავშირებს.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა
შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლა, ასევე გამტარუნარიანობის 5 მილიონ ტონამდე გაზრდა. ეს წარმატებული ერთობლივი საქმიანობის შედეგია. აზერბაიჯანი საქართველოში ახორციელებს ინვესტიციებს, რაც რიცხვებში დაახლოებით 4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ჩვენ მიერ ერთობლივად განხორციელებული მეგაპროექტები, მათ შორის სამხრეთის გაზის დერეფანი რეგიონისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრულ როლს თამაშობს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-11 სხდომაზე განაცხადა.
საბაჟო თანამშრომლობა
საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო გამტარი პუნქტის „აბრეშუმის გზა / იფექ იოლუ“ პრაქტიკული ფუნქციონირების შესახებ ოქმს ხელი მოაწერეს. შეთანხმება მიზნად ისახავს საბაჟო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდას, საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივებასა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ხელშეწყობას. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას და შუა დერეფნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის განვითარებას.
TRACECA.GE
წყაროები:
traceca-org.org / on.ge / bm.ge / bm.ge
ge.armradio.am / gbc.ge / bp.ge
milliyetcimedya.com / bfm.ge
commersant.ge / commersant.ge / gbc.ge