
2026-11-02
თურქული სახელმწიფოების სატრანსპორტო თანამშრომლობა
30 ოქტომბერს, ანკარაში თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის (OTS) მე-13 სამიტზე თურქეთმა, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა, უზბეკეთმა და ყირგიზეთმა სატრანსპორტო, სავაჭრო და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
მთავარი საკითხები:
● შუა დერეფანი: ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი მარშრუტის განვითარება, რომელიც კასპიის ზღვასა და სამხრეთ კავკასიაზე გადის და რუსეთის გვერდის ავლით ტვირთების გადაზიდვის ალტერნატივას ქმნის.
● უზბეკეთის ინიციატივა: 100 ერთობლივი საინვესტიციო და სამრეწველო პროექტის განხორციელება, მათ შორის კრიტიკული მინერალებისა და მწვანე ენერგეტიკის მიმართულებით.
● ყაზახეთი: შუა დერეფნით გადაზიდული ტვირთების მოცულობა წლის პირველ ცხრა თვეში 30%-ით გაიზარდა, ხოლო სატრანზიტო გადაზიდვები — 90%-ით.
● თურქეთი და უზბეკეთი: ხელი მოაწერეს ახალ შეთანხმებებს ვაჭრობის, საბაჟო თანამშრომლობისა და ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ.
● თურქეთი და ყაზახეთი: მიზნად დაისახეს ორმხრივი ვაჭრობის 15 მილიარდ დოლარამდე გაზრდა.
● ციფრული თანამშრომლობა: განიხილეს საერთო ციფრული სავაჭრო პლატფორმისა და თურქული ენებისთვის საერთო ხელოვნური ინტელექტის მოდელის შექმნა.
სამიტზე თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის (OTS) მომავალ გენერალურ მდივნად უზბეკეთის წარმომადგენელი მირვოხიდ აზიმოვი დასახელდა, რომელიც ყუბანიჩბეკ ომურალიევს შეცვლის. ასევე, გადაწყდა, რომ ორგანიზაციის მომდევნო სამიტს 2027 წელს უზბეკეთი უმასპინძლებს.
აზერბაიჯანი სარკინიგზო ქსელს აფართოებს
აზერბაიჯანი 2030 წლამდე ოთხი მიმართულებით სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს. მათ შორისაა ბაქო-ხანკენდის ახალი მარშრუტი, რომლის ამოქმედებაც 2027 წელს იგეგმება, ასევე ბაქო-იალამის, ბაქო-მინჯივანისა და ბაქო-ასტარის ხაზების აღდგენა.
ბაქო–თბილისის ახალი რეისები
აზერბაიჯანის რკინიგზა (ADY) ბაქო–თბილისი–ბაქოს მარშრუტზე ყოველდღიური რეისების რაოდენობას ოთხამდე ზრდის, რის შედეგადაც სამგზავრო ადგილების რაოდენობა 386-დან 564-მდე გაიზრდება. დამატებული რეისები მგზავრებს დღისით მოგზაურობისა და ბილეთების 30%-ით უფრო დაბალ ფასად შეძენის შესაძლებლობას მისცემს. ახალი რეისებით ბაქოდან თბილისამდე მგზავრობის მინიმალური ღირებულება 54 მანათი იქნება, მატარებლები კი ორივე მიმართულებით ყოველდღიურად იმოძრავებენ.
CLARSEN აზერბაიჯანის ბაზარზე
საქართველოს საკონსულტაციო კომპანია CLARSEN აზერბაიჯანის ბაზარზე რეგულაციებთან შესაბამისობის აუთსორსინგულ მომსახურებას დანერგავს. TEI Forum 2026-ის ფარგლებში კომპანიის დამფუძნებელმა და CEO-მ, ნიკოლოზ კანდელაკი პლატაზმა, BMG International-თან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ განაცხადა. პარტნიორობა გამოცდილების გაზიარებას, ბიზნესისთვის ახალი საკონსულტაციო სერვისების შეთავაზებასა და ქართულ-აზერბაიჯანულ სტარტაპებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. CLARSEN-ის მიზანია, საკუთარი გამოცდილება რეგულირებად სექტორში გამოიყენოს აზერბაიჯანის ბაზარზე და ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ბიზნესკავშირების გაღრმავებას.
საქართველოს საპორტო დაკავშირებადობა
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორის, პაატა ცაგარეიშვილის შეფასებით, გაეროს საპორტო ინფრასტრუქტურის დაკავშირებადობის ინდექსის (LSCI) მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 111-ე ადგილს იკავებს, რაც ქვეყნის საზღვაო და სატრანზიტო პოტენციალს სათანადოდ არ ასახავს. მისი განმარტებით, დაბალი პოზიცია უკავშირდება საკონტეინერო ინფრასტრუქტურის შეზღუდულ გამტარუნარიანობას, დიდი საკონტეინერო გემების მიღების სირთულესა და პირდაპირი საკონტეინერო ხაზების სიმცირეს. ცაგარეიშვილი ასევე ყურადღებას ამახვილებს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაუარესებით გამოწვეულ ლოგისტიკურ ცვლილებებზე და აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარება საქართველოსთვის დამატებითი სატრანზიტო ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობასთან ერთად ახალ გამოწვევებსაც წარმოშობს. მისივე შეფასებით, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად მნიშვნელოვანია ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის შესაძლებლობების სრულად გამოყენება, ცენტრალური აზიიდან დამატებითი ტვირთების მოზიდვა და დერეფნის გასწვრივ ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინირებული განვითარება. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტსაც, რომლის დროულ განხორციელებასაც, ექსპერტის აზრით, არსებული მოსამზადებელი სამუშაოების მდგომარეობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
TRIPP-ის პროექტი იწყება
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთავრობამ „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) განხორციელება ფაქტობრივად დაიწყო. მისი ინფორმაციით, სომხეთი პროექტის ფარგლებში წინასწარ დაიწყებს სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურის, ასევე ელექტროგადამცემი ხაზების საპროექტო სამუშაოებს, რომელთა შედეგებიც პროექტის განმახორციელებელ კომპანიას გადაეცემა. ფაშინიანის შეფასებით, ინიციატივა ხელს შეუწყობს სომხეთის სატრანსპორტო ბლოკადის დაძლევას და აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებებით კავშირების განვითარებას. პროექტი ითვალისწინებს ერასხი–კარჩავანის სარკინიგზო მონაკვეთის, საავტომობილო მაგისტრალისა და ელექტროგადამცემი ხაზების განვითარებას, ხოლო გაზისა და ნავთობსადენების საკითხები შემდგომ ეტაპზე განიხილება.
კასპიის ხიდის პროექტი
ყაზახეთი და აზერბაიჯანი ერთობლივი ინტერმოდალური სატვირთო ტერმინალისა და ახალი ტრანსკასპიური საბორნე სისტემის, „კასპიის ხიდის“ (Caspian Bridge) შექმნას გეგმავენ. პროექტი მიზნად ისახავს საკონტეინერო და სხვა სახის ტვირთების გადაზიდვის განვითარებას, განსაკუთრებული აქცენტით ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (TITR). თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ორი მრავალფუნქციური მშრალი ტვირთის გადამზიდავი გემის მშენებლობა ბაქოს გემთმშენებელ ქარხანაში, რომლებიც ტრანსკასპიურ მარშრუტზე იმოძრავებენ. პროექტთან დაკავშირებულ შეთანხმებებს „სამრუკ-ყაზინასა“ და AZCON-ის ჰოლდინგს, ასევე ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის კომპანიებს შორის მოეწერა ხელი.
Kairos Logistics-ის ახალი ტერმინალი
სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანია Kairos Logistics ფოთში საკუთარი ტერმინალის გახსნას გეგმავს. პროექტზე მუშაობა თითქმის ორი წელია მიმდინარეობს და ობიექტის ოპერირება, სავარაუდოდ, 2026 წლის ბოლოს ან 2027 წლის იანვარში დაიწყება. ტერმინალი აღჭურვილი იქნება საბაჟო საწყობითა და სარკინიგზო ჩიხით, რაც კომპანიას ევროპიდან ტვირთების მიღების, დამუშავებისა და საქართველოს გავლით ცენტრალურ აზიაში გადაზიდვის შესაძლებლობას მისცემს. ახალი ინფრასტრუქტურა კომპანიის ლოგისტიკური საქმიანობის გაფართოებასა და რეგიონში სატვირთო გადაზიდვების განვითარებას შეუწყობს ხელს.
TRACECA.GE
წყაროები:
euronews.com / maraqli.tv / report.az
darvaz.com / transcor.ge / europetime.eu
europetime.eu / bp.ge