
2026-11-05
სომხეთ-სპარსეთის ყურის თანამშრომლობა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ჯასემ მუჰამედ ალ-ბუდაივიმ თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონული კავშირების განვითარების საკითხები განიხილეს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებაზე, სავაჭრო კავშირების დივერსიფიკაციასა და სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე, მათ შორის „მშვიდობის გზაჯვარედინისა“ და TRIPP-ის ინიციატივებზე. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობის პროცესისა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ.
საქართველოსა და ლატვიის ბიზნესთანამშრომლობა
2026 წლის 2 ნოემბერს საქართველოს ელჩმა ლატვიაში ანა აბულაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ლატვიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან, ნატალია იუშკოვასთან. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ლატვიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორ ქვეყანას შორის ბიზნესკავშირებისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატების თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
ყაზახეთ-ჩინეთის საინვესტიციო ფონდი
ყაზახეთი და ჩინეთი შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 200 მილიონ დოლარამდე მოცულობის ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შექმნას განიხილავენ. ინიციატივა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ისახავს მიზნად. ფონდში მონაწილეობა შესაძლოა მიიღონ ყაზახურმა სახელმწიფო ჰოლდინგმა „ბაიტერეკმა“ და ჩინეთის Silk Road Fund-მა. მხარეები ასევე ერთობლივი პროექტების დაფინანსებისა და დაზღვევის მექანიზმის შექმნაზე მუშაობენ.
ლოგისტიკის განვითარების პოტენციალი
Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორის, მიხეილ ნამადოვის განცხადებით, საქართველოში სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. სექტორში მოთხოვნას ზრდის შიდა ბაზარი, ელექტრონული კომერცია, სავაჭრო ქსელების გაფართოება და სატრანზიტო ტვირთების მომსახურების საჭიროება. მისი შეფასებით, საქართველო, განსაკუთრებით შუა აზიის მიმართულებით, საბაჟო პროცედურებისა და სატრანზიტო მომსახურების თვალსაზრისით, სტაბილურ პარტნიორად პოზიციონირებს.
Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, ანაკლიის პორტის პარალელურად, მის მიმდებარედ მსხვილი ლოგისტიკური ცენტრისა და ჰაბების განვითარებაა მოსალოდნელი. მისი შეფასებით, პერსპექტიული ლოკაციაა ასევე ქუთაისი-სამტრედიის ზონა, ხოლო ფოთი სატრანზიტო ტვირთების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება. ნამადოვის ინფორმაციით, კომპანია ფოთში ლოგისტიკური ცენტრის გახსნას გეგმავს.
ფოთის ლოგისტიკური განვითარება
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის (TCRC) შეფასებით, ფოთის ნავსადგურის გაფართოება და მის მიმდებარედ არსებული გარე საკონტეინერო ტერმინალების განვითარება ერთიანი ლოგისტიკური სისტემის ფარგლებში უნდა დაიგეგმოს. ცენტრის ინფორმაციით, ფოთის მიმდებარედ ამჟამად 10 გარე საკონტეინერო ტერმინალი ფუნქციონირებს. მათი განვითარება ნავსადგურის საქმიანობას უნდა ავსებდეს და საავტომობილო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურით მასთან ინტეგრირებულ ლოგისტიკურ ზონას ქმნიდეს. TCRC ასევე მიუთითებს ფოთის ნავსადგურის გაფართოების პროექტის გაძვირებაზე: თუ 2024 წელს წარმოდგენილი პროექტი მინიმუმ 200 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებდა, საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილების შედეგად მისი სავარაუდო ღირებულება ამჟამად მინიმუმ 350 მლნ დოლარს შეადგენს.
ანაკლიის პორტის შესყიდვების წესი ფართოვდება
მთავრობის ახალი დადგენილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტთან დაკავშირებულ მომსახურებებზე შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურს“ შესყიდვების სპეციალური წესით სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევა. ცვლილება მოიცავს პორტის ძირითადი საზღვაო და სახმელეთო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან, პროექტირებასთან, კვლევებთან, საინჟინრო და საკონსულტაციო საქმიანობასთან დაკავშირებულ მომსახურებებს. ახალი რეგულაციით, შესაბამისი მომსახურებების შესყიდვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, ხოლო 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებებზე პირდაპირი შესყიდვის გამოყენება განსაზღვრულ მომსახურებებს შეეხება.
ყაზახური ნავთობის ტრანზიტი
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ი და ყაზახეთის ეროვნული ნავთობკომპანია „ყაზმუნაიგაზი“ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდის შესაძლებლობას განიხილავენ. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებისა და არსებული შეთანხმებების შესრულების საკითხები შეხვედრაზე განიხილეს. ყაზახური ნავთობი აქტაუს პორტიდან კასპიის ზღვის გავლით ბაქოში, შემდეგ კი საქართველოს ტერიტორიის გავლით, ჯეიჰანის პორტში გადაიტანება. 2024 წლის შეთანხმებით, აღნიშნული მარშრუტით ნავთობის წლიური ტრანსპორტირების მოცულობის 2,2 მილიონ ტონამდე გაზრდაა გათვალისწინებული.
ყაზახური ხორბალი ისრაელისთვის
ყაზახეთის სასურსათო კორპორაცია ისრაელის ბაზარზე 200 000-დან 500 000 ტონამდე სასურსათო ხორბლისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდების შესაძლებლობას განიხილავს. ექსპორტის პოტენციურ მარშრუტებს შორის დასახელებულია აზერბაიჯანსა და საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი. საკითხი ყაზახეთ-ისრაელის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე განიხილეს. მიწოდების გაფართოების მთავარ გამოწვევად ლოგისტიკური საკითხები რჩება.
უზბეკეთი სატრანზიტო გზას აფართოებს
უზბეკეთში, ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალი სავაჭრო დერეფნის განვითარების ფარგლებში, A380 ავტომაგისტრალის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს. ყარაყალპაკეთის რეგიონში, ნუკუსისა და ურგენჩის დამაკავშირებელი გზის 25-კილომეტრიანი მონაკვეთი ორზოლიანიდან ოთხზოლიან გზად გარდაიქმნება. პროექტის დაახლოებით 90% უკვე დასრულებულია, ხოლო სამუშაოების დასრულება 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი სატვირთო გადაზიდვების გამტარუნარიანობის გაზრდასა და ტრანსპორტირების დროისა და ხარჯების შემცირებას ისახავს მიზნად. ამასთან, რეგიონში სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესების მიუხედავად, საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე არსებული შეფერხებები კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რის გამოც პარალელურად საბაჟო პროცედურების მოდერნიზაცია და გაციფრულებაც მიმდინარეობს.
TRACECA.GE
წყაროები:
ge.armradio.am / businessinsider.ge / bm.ge
latvia.mfa.gov.ge / commersant.ge / bfm.ge
businessinsider.ge / commersant.ge
commersant.ge / euronews.com