News

ტრანზიტი და აგროინდუსტრია

2026-07-31

აგროსამრეწველო კომპლექსი (ასკ) არის ურთიერთდაკავშირებული დარგების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებას, გადამუშავებას, შენახვას, ტრანსპორტირებას და რეალიზაციას.

მასში ძირითადად შედის 4 სექტორი:

1. სოფლის მეურნეობისთვის საჭირო საშუალებების წარმოება

○ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა

○ სასუქები

○ მცენარეთა დაცვის საშუალებები

○ სათესლე მასალა

○ ვეტერინარული პრეპარატები

○ სარწყავი სისტემები

2. სოფლის მეურნეობა

○ მემცენარეობა

○ მეცხოველეობა 

3. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავება

○ კვების მრეწველობა

○ ღვინის წარმოება

○ რძისა და ხორცის გადამუშავება

○ ფქვილის, ზეთის, კონსერვების, შაქრისა და სხვა პროდუქტების წარმოება

4. ინფრასტრუქტურა და მომსახურება

○ პროდუქციის შენახვა (საწყობები, მაცივრები)

○ ტრანსპორტირება

○ ვაჭრობა და რეალიზაცია

○ საბანკო და სადაზღვევო მომსახურება

○ აგრარული განათლება, მეცნიერება და საკონსულტაციო მომსახურება

ამრიგად, აგროსამრეწველო კომპლექსი არ მოიცავს მხოლოდ სოფლის მეურნეობას — ის აერთიანებს მთელ ჯაჭვს, წარმოების საშუალებების შექმნიდან საბოლოო პროდუქტის მომხმარებლისთვის მიწოდებამდე.

მას შემდეგ, როცა საქართველოს ექნება გამართული სატრანზიტო და ფინანსური ინფრასტრუქტურა (საფონდო, სასაქონლო ბირჟები) ფერმერებისთვის გაიზრდება ხელმისაწვდომობა სოფლის მეურნეობისთვის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავებისთვის საჭირო საწარმოო საშუალებებზე. ამასთან, იგივე სატრანზიტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა ფერმერთათვის გაამარტივებს საექსპორტო შესაძლებლობებსაც.

საქართველოში მაღალურბანიზებული, ინდუსტრიული და ლოგისტიკურად ინტეგრირებული ეკონომიკა რომ მივიღოთ, სატრანზიტო და ფინანსური ინფრასტრუქტურის გამოყენებით, პრიორიტეტი უნდა მივანიჭოთ სოფლის მეურნეობის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოო საშუალებების - ტექნიკის და აღჭურვილობის წარმოებას.

მოსავლიანი მიწების უდიდესი ფართობების მფლობელი და ევროპის პურის ბეღელად წოდებული უკრაინა, სამომავლოდ საწარმოო საშუალებების  საექსპორტო ბაზარია. ასევე ბელარუსიც და მოლდოვაც.

სატრანზიტო დერეფანში საქართველო მაშინ შექმნის მაღალ დამატებით ღირებულებას, როდესაც ევროპა-აზიას შორის მზა პროდუქციის გატარების გარდა, თავად მიიღებს გადასამუშავებლად ნახევარფაბრიკატებს და ასევე, სხვა ქვეყნების მწარმოებლებს მიაწვდის წარმოებისთვის და გადამუშავებისთვის საჭირო საწარმოო საშუალებებსაც.

ზურაბ მაღრაძე, DBA