offers

TRACECA.GE — ციფრული მედია პლატფორმის შესახებ

2026-11-05

ციფრული მედია პლატფორმის მოკლე აღწერა და განვითარების ხედვა

1. ზოგადი კონცეფცია

1993 წელს, ბრიუსელში ინიცირებული TRACECA-ს პროექტის საფუძველზე, დაიწყო ევროპა–კავკასია–აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარება, რომლის მიზანს ევროპასა და აზიას შორის ისტორიული სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირების აღდგენა და გაძლიერება წარმოადგენდა.

შემდგომ წლებში განვითარდა არაერთი საერთაშორისო სატრანსპორტო და სავაჭრო ინიციატივა, მათ შორის შუა დერეფანი (Middle Corridor), ვიკინგის მარშრუტი და ლაპის ლაზულის დერეფანი. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანზიტო ქვეყანას.

თანამედროვე პირობებში სატრანზიტო კონკურენტუნარიანობას მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა არ განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკური სისტემების ეფექტიანობა, ეკონომიკური სტაბილურობა, ინსტიტუციური სანდოობა და საერთაშორისო თანამშრომლობა.

ამ კონტექსტში შეიქმნა TRACECA.GE – მრავალენოვანი ციფრული მედია პლატფორმა, რომლის მიზანია აბრეშუმის გზისა და საქართველოზე გამავალი საერთაშორისო სატრანსპორტო-სავაჭრო დერეფნების პოპულარიზაცია, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ტრანსკონტინენტურ ქვეყნებს შორის საინფორმაციო, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობა.

2. პლატფორმის მიზნები და საქმიანობის მიმართულებები

TRACECA.GE მიზნად ისახავს საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის წარმოჩენას, ევროპისა და აზიის ეკონომიკური კავშირების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემისა და ჰუმანური ღირებულებების საფუძველზე.

პლატფორმის ძირითადი საქმიანობა მოიცავს:

- საინფორმაციო და ანალიტიკური მასალების მომზადებას ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე;
- მრავალენოვანი საინფორმაციო სივრცის განვითარებას;
- პერიოდული თემატური რუბრიკების წარმოებას, მათ შორის: „კარიბჭეთმცოდნეობა“, „აბრეშუმის გზის დაიჯესტი“, სატრანსპორტო დერეფნების მიმოხილვა და ეკონომიკური სიახლეები;
- საერთაშორისო კონფერენციებსა და დარგობრივ ღონისძიებებში მონაწილეობას;
- უცხოურ მედიასაშუალებებთან, ექსპერტებთან, მკვლევრებსა და პროფესიულ ორგანიზაციებთან საინფორმაციო პარტნიორობის განვითარებას.

პერსპექტივაში პლატფორმა მიზნად ისახავს ჩამოყალიბდეს ტრანსკონტინენტური თანამშრომლობის საკითხებზე მომუშავე დამოუკიდებელ საინფორმაციო და საკომუნიკაციო სივრცედ.

3. ადამიანური რესურსები და მართვა

TRACECA.GE შექმნილია საინიციატივო ჯგუფის მიერ და ფუნქციონირებს საზოგადოებრივ საწყისებზე, არაკომერციული დანიშნულებითა და ჯგუფის წევრების პირადი ჩართულობით.

პლატფორმის საქმიანობაში მონაწილეობენ:

● ზურაბ მაღრაძე – მოდერატორი;
● დავით რამაზაშვილი – ინგლისურენოვანი სექციის ხელმძღვანელი;
● კონსტანტინე ვეკუა – იტალიურენოვანი სექციის ხელმძღვანელი;
● ელენე ტუღუში – სომხურენოვანი სექციის ხელმძღვანელი;
● ბარიშ ალთუნ წითელაძე – თურქულენოვანი სექციის ხელმძღვანელი;
● თეიმურაზ ზაქრაძე – კონსულტანტი;
● გიორგი ბებია – პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულება.

პლატფორმის განვითარება ამ ეტაპზე ძირითადად საინიციატივო ჯგუფის რესურსებსა და ტექნიკურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. საქართველოში მოქმედი საგრანტო საქმიანობის საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით, დონორულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები შეზღუდულია.

4. დომენები და სამომავლო პროექტები

traceca.ge-ის გარდა, პლატფორმა ფლობს შემდეგ დომენებს: traceca.net, traceca.info, traceca.kz, middlecorridor.eu, titr.ge, carec.ge და სხვა.

მათი გამოყენება დაკავშირებულია სამომავლოდ სპეციალიზებული საინფორმაციო რესურსებისა და თემატური თუ რეგიონული პროექტების განვითარებასთან, რაც ხელს შეუწყობს პლატფორმის საქმიანობის გაფართოებასა და საერთაშორისო აუდიტორიის მოზიდვას.

5. არსებული მდგომარეობა და განვითარების საჭიროებები

ამჟამად TRACECA.GE წარმოადგენს ხუთენოვან ციფრულ მედია პლატფორმას, რომლის ძირითადი ფუნქციებია სტატიების განთავსება და მათი ბმულების სოციალურ ქსელებში გავრცელება.

არსებული ტექნიკური შესაძლებლობები სრულად ვერ პასუხობს თანამედროვე ციფრული მედიის მოთხოვნებს. პლატფორმის შემდგომი განვითარებისთვის საჭიროა:

- ვებგვერდის დიზაინის, ინტერფეისისა და მობილური ადაპტაციის გაუმჯობესება;
- სტატიების მართვის სისტემის გაფართოება, ფოტოალბომების, ვიდეოების, ცხრილების, გრაფიკებისა და ინფოგრაფიკის განთავსების შესაძლებლობით;
- სტატიების კატეგორიზაციის, არქივირებისა და შიდა საძიებო სისტემის დანერგვა;
- ხუთივე ენობრივი ვერსიის ტექნიკური გამართულობისა და სინქრონიზაციის უზრუნველყოფა;
- Facebook-თან არსებული ინტეგრაციის გაუმჯობესება და Instagram-ისა და YouTube-ის ჩართვა;
- SEO ოპტიმიზაციისა და ციფრული ანალიტიკის სისტემების დანერგვა;
- მკითხველებთან კომუნიკაციის, სიახლეების გამოწერისა და უკუკავშირის მექანიზმების განვითარება;
- ინფორმაციული უსაფრთხოების, მონაცემთა დაცვისა და სარეზერვო სისტემების გაძლიერება.

6. განვითარების პერსპექტივა

TRACECA.GE-ის განვითარების სტრატეგიული ხედვა გულისხმობს მის გარდაქმნას თანამედროვე, მრავალენოვან და მრავალფუნქციურ ციფრულ მედია პლატფორმად, რომელიც გააერთიანებს საინფორმაციო, ანალიტიკურ, საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო შესაძლებლობებს.

პერსპექტივაში პლატფორმა შეიძლება ჩამოყალიბდეს აბრეშუმის გზის, შუა დერეფნისა და სხვა ტრანსკონტინენტური სატრანსპორტო მარშრუტების შესახებ ინფორმაციის თავმოყრისა და გავრცელების სპეციალიზებულ საინფორმაციო ცენტრად.

ამისათვის პრიორიტეტული იქნება ტექნიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, ფუნქციური შესაძლებლობების გაფართოება, საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორობის განვითარება და აუდიტორიის ზრდა.

TRACECA.GE-ის მთავარი ამოცანაა ციფრული მედიის საშუალებით ხელი შეუწყოს საქართველოს, კავკასიის, ცენტრალური/დასავლეთ აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ეკონომიკური, სატრანსპორტო და კულტურული სივრცის შესახებ ცოდნის გავრცელებას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.

TRACECA.GE